პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ ანახლებს.
პროგრამა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსებას, ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის ან არსებული სასათბურე მეურნეობის გაფართოება-მოდერნიზებისთვის საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსებას, ასევე ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თანადაფინანსებას.
„პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 50 პროცენტს, მაგრამ არაუმეტეს 50,000 ლარისა. პროგრამის საბიუჯეტო თანადაფინანსების ჯამური თანხა შეადგენს 10 000 000 ლარს. პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ დაფინანსდება 200 ტრაქტორი, 80 000 კვ/მ სათბური და 400 ჰა მიწის ფართობზე მოეწყობა სარწყავი სისტემა“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
განაცხადების მიღებას სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უახლოეს მომავალში დაიწყებს. განაცხადის ფორმა განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.arda.gov.ge. პროგრამის განხორციელება 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყება.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა.
პროგრამის მიზანია ხარისხიანი ქართული აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა. პროგრამის ბიუჯეტი 1 500 000 ლარს შეადგენს.
„პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ თანადაფინანსებას სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების მიმართულებით. სააგენტოს თანადაფინანსება სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიმართულებით განისაზღვრება არაუმეტეს 50 პროცენტით, არაუმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის არაუმეტეს 90 პროცენტით, არაუმეტეს 25 000 ლარისა. ბრენდირების და შეფუთვის დიზაინის მიმართულებით სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 50 პროცენტით, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში არაუმეტეს 90 პროცენტით, არაუმეტეს 25 000 ლარისა.
ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწევათ დახმარება ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის. პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ საჭირო დანადგარები, რომლის საშუალებით წარმოებული პროდუქცია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სარეალიზაციო ფორმით დამზადდება. სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 70 პროცენტით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. პროგრამა სააგენტოს ბენეფიციარებისათვის ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურებას და ტრენინგებს – საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას“, – განმარტა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ტექნიკური დახმარების პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სააგენტოსთან, პროგრამების/პროექტების ფარგლებში, გაფორმებული აქვს თანადაფინანსების ხელშეკრულება.
ამასთან, პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა რეესტრში. ტექნიკური დახმარების პროგრამის განაცხადის ფორმა განთავსდება სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
