„იმედმა“ შეაჩერა ხელშეკრულებაზე მუშაობა და შეწყვიტა კონტრაქტი Gallup International-თან, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.
„ტელეკომპანია „იმედის“ დიდი სურვილი იყო, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიცაა Gallup-ი, სასწრაფოდ დაეწყო კვლევები საქართველოში სწორედ ახლა, როდესაც პანდემია და კარანტინი შეეხო თოთოეულ მოქალაქეს და სოციოლოგები მთელ მსოფლიოში ვარაუდობენ საზოგადოებრივი განწყობების ცვლილებას. მსგავსი კვლევა, ამ პერიოდში, ჩვენ ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა და ძალიან გვინდოდა, ვყოფილიყავით პირველები, ვინც საზოგადოებრივი განწყობების რეალურ სურათს წარმოუდგენდა მაყურებელს. ჩარჩო შეთანხმება მიღწეულიც კი გვქონდა Gallup-თან, მაგრამ, როგორც გაირკვა, COVID19-თან დაკავშირებული პრევენციული ზომების გამო, როგორიცაა საერთაშორისო ფრენების შეფერხება, დისტანციური მუშაობის აუცილებლობა და ა.შ., Gallup-მა ტექნიკურად შეუძლებლად მიიჩნია კვლევების დაუყოვნებლივი დაწყება საქართველოში. ჩვენი ტელეკომპანიის მიზანს კი სწორედ საველე სამუშაოების სწრაფი დაწყება წარმოადგენდა. ამიტომაც, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, „იმედმა“ შეაჩერა ხელშეკრულებაზე მუშაობა და შეწყვიტა კონტრაქტი Gallup-თან.
ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ გადავლახოთ არსებული სიძნელეები და უმოკლეს დროში მივაწოდოთ მაყურებელს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ობიექტური მონაცემები“, – აღნიშნა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.