დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, კონკრეტული ტელევიზიის და კონკრეტული ადამიანების მხრიდან იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გამზირის სრული რეაბილიტაცია სწორი მენეჯერული გადაწყვეტილების მიხედვით მიმდინარეობს.
„კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, დედაქალაქის მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. სამუშაოები ვერ მიმდინარეობდა იმ ტემპით, რაც წლის დასაწყისში იყო, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, სამუშაოები ერთი დღით, ერთი წუთით არ შეგვიჩერებია. მინდა ახსნა-განმარტება გავაკეთო ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, რომლის სრული რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში, მთლიანად ხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება – სანიაღვრე სისტემა, წყალი, ბუნებრივი აირი, წყალარინების ქსელი. როცა სამუშაოები დავიწყეთ, მაშინ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ რამდენიმე ლოკაციად დაგვეყო, რადგან გამზირის მთლიანად ჩაკეტვა შეუძლებელი იყო. მთლიანი გამზირის რეაბილიტაციით შეიძლება დროში მოგვეგო და უფრო ადრე დამთავრებულიყო, მაგრამ ეს მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც გაგებით მოეკიდა შექმნილ დისკომფორტს. ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად გაკეთდეს ყველაფერი, რომ შემდგომ ახალგადაგებულ ასფალტზე იმავე სამუშაოების წარმოებამარ მოგვიწიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.