საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა, რომელსაც ნიკოლოზ გამყრელიძე ხელმძღვანელობს, ეროვნული ბანკის ბრალდებებს უპასუხა.
GHG აღნიშნავს, რომ სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს კომპანია ცდილობს, რომ კრიზისული ვითარებით ისარგებლოს და რეგულაციების მოთხოვნების დარღვევით მიიღოს დაფინანსება “საქართველოს ბანკისგან” ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს. GHG აცხადებს, რომ სებ-ის მიერ გაკეთებული ამგვარი ინტერპრეტაცია ყოვლად მიუღებელია.
სებ-მა კი განცხადება ნიკოლოზ გამყრელიძის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ გაავრცელა.
გამყრელიძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“ EBRD-ის მიერ GHG-თვის მიცემულ სესხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, GHG-ს სესხი არცერთმა ქართულმა ბანკმა არ მისცა.
EBRD-მა GHG-ს 25 მილიონის დოლარის ოდენობის სესხი მისცა. ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციას სესხის მისაცემად ზუსტად ის პერიოდი დასჭირდა, რაც სებ-ის დირექტორის მიერ წერილზე პასუხის გაცემას.
GHG-ის დირექტორის გუშინდელ ინტერვიუს, უპასუხა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. მათი განცხადებით, საქართველოს კაპიტალის ჯგუფი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გარდა, ფლობს საქართველოს ბანკის, სადაზღვევო კომპანია “ალდაგის”, m² – ისა და მრავალი სხვა კომპანიის წილებს ბევრ სექტორში, ცდილობს გამოიყენოს #COVID19 – ის ფაქტორი და, მოქმედი რეგულაციების დარღვევის გზით, საქართველოს საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსება მიიღოს.