“ზოგადად, კორონავირუსის ახალი ტალღისთვის მსოფლიო ემზადება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის, რომ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სიფრთხილე მაქსიმალურად უნდა დავიცვათ”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
„მატება გვაქვს ძირითადად ჩაკეტილი ცნობილი კლასტერიდან, ფაქტია, რომ უცხო ახალი კლასტერი არ გამოჩენილა. დიდი იმედი გვაქვს, რომ არც გაჩნდება. რა შეეხება შემოდგომაზე ახალ ტალღას, ზოგადად, მსოფლიო ემზადება ახალი ტალღისთვის. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მაქსიმალურად სიფრთხილე და ინდივიდუალურად ყველა იმ მოწოდების დაცვა უნდა გავაგრძელოთ, რაც აქამდე გვქონდა მიღებული დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. თვითიზოლაციამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა არა მარტო კორონავირუსის, არამედ სხვა ვირუსული ინფექციების კუთხითაც. რა თქმა უნდა, ორთვიანი პერიოდი სერიოზული ტესტია და მოგვცემს გარკვეული მოლოდინების ჩამოყალიბების საშუალებას. ფაქტია, რომ კორონავირუსისთვის პირველი ზაფხულია და არ ვიცით, როგორ განვითარდება. სჯობს, დავეყრდნოთ ერთიანი შეფასებით მიღებულ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებებს“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
