ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ონკოლოგური საავადმყოფო მუშაობას რამდენიმე თვით, რეაბილიტაციის დასრულებამდე, შეაჩერებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურის თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ექიმები მიიღებენ წინა წლებში დაგროვილ, 10-თვიან დავალიანებას და ორი თვის კომპენსაციას. თანხები მათ უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში დაერიცხებათ. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, მუშაობას იგივე კლინიკაში განაგრძობენ.
მისივე ინფორმაციით, კლინიკას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, არის ამორტიზებული და მას სტაციონარული პაციენტები აღარ ჰყავდა, მიმაგრებული პაციენტები კი, სხვა კლინიკებში გადანაწილდნენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ ონკოლოგიური კლინიკის ექიმების დიდ ნაწილს, 225 თანამშრომლიდან 220-ს, უკვე გაუფორმდა შესაბამისი მემორანდუმი, რაც იმის გარანტიაა, რომ კლინიკის მუშაობის აღდგენისთანავე, ავტომატურად განაგრძობენ მუშაობას.
გიორგი წოწკოლაური კლინიკის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხების მოცულობას ამ ეტაპზე ვერ ასახელებს და აცხადებს, რომ თანხის ოდენობა ახლა ზუსტდება.
თუმცა, მისი თქმით, დონორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და ყველა საჭირო ხარჯი დაფინანსდება. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კლინიკა ერთდროულად 90-ის ნაცვლად, 400 პაციენტის მომსახურებას შეძლებს.