„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, ცდილობენ საკუთარი სცენარით, ფაქტების მაქსიმალურად დამახინჯებით, სასურველის რეალობად გასაღებით, საზოგადოებას დაანახონ სურათი, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზების დადგენა არის არა გამოძიების პრეროგატივა, არამედ მათ მიერ შეთავაზებული, ინტერპრეტირებული ვერსიის შესაბამისად მომხდარი რეალობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.
„ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა და დასტური იმისა, თუ როგორ იყენებენ ცალკეული ოპოზიციური ძალები და მათი რუპორი ტელევიზიები – „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული ე.წ. მედიასაშუალებები ახალგაზრდა კაცის დაღუპვის ამბავს თავისი ვიწრო პოლიტიკური და პარტიული ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ტრაგედია გარკვეულ წარმოდგენად აქციონ. ეს პირდაპირ შეურაცხმყოფელია პირველ რიგში, დაღუპული გიორგი შაქარაშვილის მშობლებისთვის. მშობლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კარგად ჩანს ის ლეგიტიმური პროტესტი, რომელიც მათ გაუჩნდათ იმ ზღვა მაქინაციებისა და ინტერპრეტაციების მიმართ, რომელიც მოედინება ძირითადად, ტელეკომპანია „მთავარის“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ეთერებიდან, სადაც წინასაარჩევნო მარათონზე მყოფი პოლიტიკური პარტია, უკვე ნახევრადკრიმინალურ დაჯგუფებად ქცეული „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, ცდილობენ თავიანთი სცენარით, ფაქტების მაქსიმალურად დამახინჯებით, სასურველის რეალობად გასაღებით, საზოგადოებას დაანახონ სურათი, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზების დადგენა არის არა გამოძიების, არამედ სწორედ, მათ მიერ შეთავაზებული, ინტერპრეტირებული ვერსიის შესაბამისად მომხდარი რეალობა“, – ამბობს დეპუტატი.,
მათიკაშვილი მედიას მოუწოდებს, შეწყვიტონ დაზარალებული ოჯახის ბულინგი და ომბუდსმენს დროულ რეაგირებას სთხოვს.
„პირდაპირ მოვუწოდებ, როგორც სახალხო დამცველს, რომელიც ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება და დადგეს სწორედ დაჩაგრული და უფლებადარღვეული პირების უფლებების დასაცავად, ასევე მოვუწოდებ ამ ე.წ. ტელევიზიებს, შეწყვიტონ ბულინგი, „ფეიკნიუსებით“ საზოგადოების მანიპულირების მცდელობა და გამოძიებას ადროვონ, დაწყებული რთული საგამოძიებო საქმე, იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და მეორე მხრივ, დაისაჯონ პირები, რომელთაც ბრალი მიუძღვით გიორგი შაქარაშვილის სიკვდილში“, – ამბობს დავით მათიკაშვილი.
გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.
