კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს, ამიტომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს დავმშიდდეთ. არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მედიას ბრიფინგზე განუცხადა.
მისივე თქმით, დიდი ყურადღება ეთმობა ბაზრობების კონტროლს. ლილოს ბაზრობაზე უკვე 1 415 მომუშავე ადამიანია გამოკვლეული და დღეს კიდევ 500 ნიმუშზე იქნება პასუხი.
„კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს, ამიტომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს დამშვიდებას მივეცეთ. არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ. ციფრები, რომელიც მე დავასახელე, მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს და ის მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია. რომ ჩვენ არ ვატაროთ პირბადე, არ დავიცვათ დისტანცია, არ დავიმუშოთ სანიტაიზერებით ხელები და თავი არ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
