შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ეწვია. სტუმარს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ უმასპინძლა, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N1 სამმართველოს (ბათუმი) ყოველდღიური საქმიანობა გააცნო და ქედის სასაზღვრო სექტორის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
ვიზიტის ფარგლებში, სტეფანი ბეგლიმ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის და ბათუმის ბაზები, ასევე, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) მოინახულა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშეს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა, რამაზ პაპიძემ სანაპირო დაცვის ამოცანები და შესაძლებლობები გააცნო. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) უფროსი, II რანგის კაპიტანი შოთა მიროტაძე კი სტუმარს ცენტრის მისიასა და ამოცანებზე ესაუბრა და ძირითადი ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
ვიზიტის მიზანი იყო სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების სარემონტო ინფრასტრუქტურის დათვალიერება, კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის განახლებული სისტემის და სპეციალური აღჭურვილობის ადგილზე გაცნობა, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხილვა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N1 სამმართველოს (ბათუმი) ქედის განახლებული სასაზღვრო სექტორის ინფრასტრუქტურის დათვალიერება.