უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე NORSI-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაბომბვის შედეგად ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა თავდასხმამდე საჰაერო განგაშისა და ცაში დრონების შესახებ განაცხადეს. მალევე ადგილობრივების მიერ გადაღებული ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა, რომლებზეც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი მასშტაბური ხანძარი ჩანს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, კსტოვო უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 800 კილომეტრში მდებარეობს.
რუსეთის ხელისუფლებას მომხდარზე განცხადება ამ დროისთვის არ გაუკეთებია.
NORSI, იგივე „ლუკოილ-ნიჟეგოროდორგსინთეზის“ ქარხანა, რუსეთის სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა და ქვეყანაში ბენზინის წარმოების მოცულობით მეორე ადგილზეა. საწარმო ყოველწლიურად დაახლოებით 15-17 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს.
ქარხანა ასევე აწარმოებს ბიტუმს, დიზელის საწვავსა და საავიაციო საწვავს, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.
უკრაინას NORSI-ის ქარხანაზე 2026 წელს არაერთხელ განუხორციელებია დარტყმა, მათ შორის 5 აპრილს, 20 მაისს, 24 ივნისსა და 2 ივლისს. თავდასხმების შედეგად ქარხნის საწარმოო დანადგარების ნაწილი მუშაობას დროებით წყვეტდა.
