ამ წუთში მესტიაში მუშაობს 10 ჯგუფი და კიდევ 2 დამატებითი ჯგუფი წამოვიდა ზუგდიდიდან, რომელებიც სოფელ ჭუბერში იმუშავებენ. რადგან მესტიაში აღმოჩნდა ერთი ინფიცირებული გადავწყვიტეთ, რომ დღეს სრულად მოგვეცვა მესტია და ყველა ადამიანი ვინც კი მესტიაში ცხოვრობს უნდა გაიტესტოს, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
რეგიონულ საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველის თქმით, უშგულსა და ლენჯერში ტესტირება სრულად დასრულდა. სოზარ სუბარის თქმით, მესტიაში დაფიქსირებული ახალი ინფიცირების შემთხვევის მიუხედავად, ლენჯერის მსგავსი სცენარის განვითარებას ისინი არ ელიან.
„ვფიქრობთ, რომ დღის ბოლომდე ეს თემა მორჩება. მე არ მგონია, რომ იგივე სურათი მივიღოთ მესტიაში რაც არის ლენჯერში. ნამდვილად არ მგონია. ამაზე უფრო ზუსტი პასუხი გვეცოდინება დღეს საღამოს, როდესაც გვექნება გუშინ აღებული ტესტების პასუხები. ასევე, ხვალ და ზეგ, როდესაც უკვე გვექნება სრული დაბა მესტიის პასუხები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.