ყოფილმა ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა პანდემიის პერიოდი არტისტულად გაატარა. ამ რთულ დროს სოციალურ ქსელ ,,ტიკ-ტოკით”, თავისი მსახიობური ნიჭით და იუმორით ბევრი ადამიანი გაახალისა.
სალომეს ვიდეოების პირველი შემფასებელი მისი ქმარია – ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილი. სალომე მიხვდა, რომ თუ თავისი სერიოზული ქმრის გაცინებას მოახერხებდა, მისი სკეტჩებიც პოპულარული გახდებოდა და არც შემცდარა.
სალომე გოგიაშვილის და ვახო ნიკოლაიშვილის ქორწინება უკვე 10 წელს ითვლის. ფსიქოლოგების თქმით, ცოლ-ქმრის ცხოვრებაში კრიზისები მე-7 და მე-10 წელს ჩნდება, მაგრამ ეს სალომეს და ვახოს არ შეხებია. მათ კრიზისული ეტაპი არ გაუვლიათ და ამის ნიშნები არც ახლა ჩანს. პირიქით, სალომე თვლის, რომ ის და მისი ქმარი ყველაზე ახლო ნათესავები არიან (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).
– სალომე, მგონი, პანდემიის პერიოდი ყველაზე მხიარულად თქვენ გადაიტანეთ, სოციალურ ქსელ ,,ტიკ-ტოკში” თითქმის ყოველდღე სახალისო ვიდეოებს დებთ.
– ზოგადად დეპრესიული არ ვარ, მაგრამ ამ პანდემიას ჩემზე უარყოფითად რომ არ ემოქმედა, გადავწყვიტე, რაიმეთი დავკავებულიყავი. გადასარევი გამოსავალი ვიპოვე და ჩემი მაიმუნობებით საკუთარი თავიც და ოჯახის წევრებიც გავახალისე. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ ჩემი მაიმუნური ვიდეოებით ეს რთული პერიოდი გავუხალისე.
– რა რეაქცია ჰქონდა ქმარს თქვენს ტიკტოკერობაზე?
– სულ პირველი ვიდეო რომ ავტვირთე და ჩემმა ქმარმა ნახა, ბევრი იცინა. მითხრა, მართლა დეგენერატი ხარ, რასაც სახლში აკეთებ, ის გადაგიღიაო. ყველა ჩემს ვიდეოზე დღემდე გულიანად იცინის, არადა, ჩემგან განსხვავებით, ძალიან ხისტი და თავშეკავებულია. ამიტომ, როცა მივხვდი, რომ ჩემი ვიდეოები მასაც აცინებდა, დავრწმუნდი, რომ საზოგადოებაშიც დიდ ინტერესს და მხიარულებას გამოიწვევდა.
ტიკტოკერობა ქმარზე დავტესტე. ჩემთვის ახლა ჟიურის პირველი წევრი ვახოა. თუ ჩემს ვიდეოზე გაეცინა, მაშინვე სოციალურ ქსელში ვდებ.
– თქვენგან კომედიური ჟანრი ახალია. საიდან მოდის ეს პაროდიები, იმიტაციები?
– პირველი ვიდეო რომ გადავიღე, მასში ჩავტიე ის ყველაფერი, რასაც ბავშვებთან ვაკეთებ ხოლმე. ჩემი კომიკური ხასიათი საზოგადოებისთვის არის უცნობი, თორემ ჩემი სამეგობროსთვის კარგად ნაცნობია. როცა სხვადასხვა გადაცემებში მივდივარ სტუმრად, იქ ფორმატი არ მოითხოვს, რომ მხიარული ვიყო და ჩემი სტუმრობა სასაცილო იყოს.
– თქვენი გამოსვლა ტოქ შოუებში ხშირად განსჯის საგანიც ხდება. მგონი, ერთადერთი ტიკტოკერობა იყო, რასაც ნეგატიური კომენტარები არ მოჰყოლია.
– რას გააკეთებ, სულერთია საზოგადოების იმ აგრესიული ფენისთვის, რომელსაც არც იუმორი ახალისებს და არც პოზიტიური ინფორმაცია. შეუძლიათ, ყველაფერზე გაგლანძღონ. ბოლო საქმიანობებს შორის ეს ერთადერთი აღმოჩნდა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ნაკლები აგრესია მოჰყვა. უფრო მეტიც, ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა, შენ რომ არა, ამ პერიოდის გადატანა ძალიან გაგვიჭირდებოდაო. სწორედ ამან მომცა იმის სტიმული, რომ ეს საქმე არ მომბეზრებოდა.
– რა იყო ყველაზე რთული განვლილი 2 თვის განმავლობაში, როდესაც თვითიზოლაციაში მოგიწიათ ყოფნა?
– არანაირი პანიკური გამოვლინებები არ მქონია, რადგან ეს 2 თვე ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარე – ქმართან, შვილებთან და დედასთან. მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიჩენდი, რომელიმე გადაცემაში თუ მივდიოდი. ვცდილობდი, სახლში ვირუსი არ მომეტანა.
არაფრის შემშინებია. პურის დეფიციტიც რომ შექმნილიყო, მზად ვიყავი, სახლში გამომეცხო. როგორც კი საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა და მაღაზიებში სირბილი ატყდა, პირველი, რაც ჩემმა ქმარმა მითხრა, ეს იყო – შენგან არ გავიგონო, წავიდეთ სუპერმარკეტში და პროდუქტები მოვიმარაგოთო. მოკლედ, ეს პერიოდი ყოველგვარი პანიკის გარეშე გავიარეთ.
– ამბობენ, რომ ამ ჩაკეტილობამ ოჯახის წევრებს ბევრი აღმოჩენა გააკეთებინა ერთიმეორეში. თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა?
– მიკვირს, ვინც ამბობს, რომ თვითიზოლაციაში ერთმანეთში რაღაც აღმოჩენები გააკეთეს. ჩემი ოჯახის თითოეული წევრის ხასიათის ნებისმიერი ნიუანსი ვიცი. უბრალოდ ისინი ახლა დარწმუნდნენ, ჩემი ნიჭი რამდენად სასარგებლოა საზოგადოებისთვის. ჩვენს ოჯახში ურთიერთობის პრობლემა არასოდეს არსებობდა.
– ბევრი წყვილისთვის კრიტიკული და საბედისწეროც აღმოჩნდა სახლში ყოფნის ორთვიანი რეჟიმი. ამან როგორ იმოქმედა თქვენს ცოლქმრულ ცხოვრებაზე?
– არ მესმის მათი, ვინც თვლიან, რომ ცოლ-ქმრისთვის 24 საათი ერთად ყოფნა ზედმეტი და პრობლემის მომტანია. ჩვენ ყოველგვარი პანდემიის გარეშეც დღის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებდით. ერთმანეთის ხასიათები ძალიან კარგად ვიცით. ცოლად რომ მივყვებოდი, ზუსტად ვიცოდი, ვისთან მომიწევდა ცხოვრება, ამიტომ აღარაფერი გვაკვირვებს.
– რამდენ წელს ითვლის თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– მეათე წელია. წესით, ახლა კრიზისული პერიოდი უნდა გვქონდეს, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას კრიზისს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. კრიზისული მე-7 წელიც უმტკივნეულოდ გადავიტანეთ და მე-10 წელიც ასე გადაგვაქვს.
– როგორი იყო ეს 10 წელი ერთი თვალის გადავლებით?
– როდესაც ინტერვიუებში პირად თემებზე ვსაუბრობ, ეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დიდ გაღიზიანებას იწვევს. მაგალითად, ერთ-ერთ ტოქ შოუში ვთქვი, რომ ყველა ქალის სურვილია, “სტენკა” დადგას ქმრის ოჯახში, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით-მეთქი. ამით გამოვიწვიე იმ ქალების გაღიზიანება, რომლებიც ვერ თხოვდებიან და ამას იმით ხსნიან, რომ სურვილი არ აქვთ.
ჩემი აზრით, არ დაბადებულა ქალი, რომელსაც გათხოვება და ოჯახი არ სურს. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის ისეთი ქალის აზრი, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს კარგი ცოლი და კარგი დედა.
მე და ვახო ძალიან ახლო ნათესავები ვართ ერთმანეთისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობაში იყო აღმაფრენა, უფრო მეტი გაპრანჭვის მომენტი, შემდეგ – ყოფითი პრობლემები, ბავშვები, მატერიალურ საკითხებზე ზრუნვა. ყველა ამ საკითხშიც ერთმანეთის მხარდამხარ აღმოვჩნდით.
ჩვენი ოჯახი ურთიერთპატივისცემაზეა აგებული. მე რომ ვახომ დამიშალოს რომელიმე გადაცემაში სტუმრობა, საზოგადოებრივი აქტიურობა, ეს პროტესტს გამოიწვევს ჩემში. ამიტომაც ვამბობ, რომ ახლო ნათესავებივით გვესმის ერთმანეთის და ხელს ვუწყობთ ერთიმეორეს, პიროვნებები ვიყოთ და ასევე – ვიყოთ ძალიან მოსიყვარულე ცოლ-ქმარი.
– გადაცემა ,,სიცრუის დეტექტორში” თქვენს ინტუიციაზე ამტყდარი ამბავი მახსენდება, როცა თქვით, რომ ბავშვები დასასვენებლად არ გაუშვით, რადგან გქონდათ წინათგრძნობა, იმ თვითმფრინავში რაღაც უნდა მომხდარიყო. იქვე დაამატეთ, იმ რეისზე არაფერი მოხდა, მაგრამ არ ვიცი, ჩემი შვილები რომ ყოფილიყვნენ, რა მოხდებოდაო. ამ ვიდეოს ბევრი აზიარებდა და გაკრიტიკებდათ. რა რეაქცია აქვს ქმარს, როდესაც სოციალურ ქსელში ინტერვიუების გამო გაკრიტიკებენ ხოლმე?
– არასოდეს წაუკითხავს სოციალურ ქსელში ჩემზე კომენტარები. როცა მე წამიკითხავს და გული მტკენია, უთქვამს, შენ ხომ ხელი მოაწერე იმაზე, რომ იყო პოპულარული, შენ კი არა, მართლა მეგა ვარსკვლავებს არ ინდობენ და ლანძღავენ, რომლებსაც საზოგადოების წინაშე დიდი დამსახურება აქვთო. როცა კარგად ვაკვირდები, თუ ვინ ილანძღება ჩემზე და მათ ცხოვრების როგორი ხარისხი აქვთ, ვხვდები, რატომაც იბოღმებიან.
მნიშვნელოვან ადამიანს ჩემზე კრიტიკული კომენტარი ერთხელაც არ დაუწერია და არ გავულანძღივარ. ჩემი მისამართით აგრესიული ტალღა ყოველთვის შეუმდგარი ქალებისგან მოდის. შეიძლება მეც ბევრი რამ არ მომწონდეს სხვისი, მაგრამ მას არასდროს ვაგრძნობინებ.
– ძალიან აქტიური ცხოვრება გქონდათ ყოველთვის – წვეულებები, მოგზაურობა, შოპინგი… რა გაკლიათ ახლა ყველაზე მეტად?
– სანამ ეს ჩაკეტილობა დაიწყებოდა, ჩვენს სამეგობრო წრეს, სადაც 30 კაცი ვართ თავმოყრილი, ასეთი ტრადიცია ჰქონდა: ყოველ პარასკევს ვითომ ვინმეს დაბადების დღე იყო და ვიკრიბებოდით რესტორანში თავისი სადღეგრძელოებით, ტორტებითა და საჩუქრებით. შემდეგ პარასკევს სხვა მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავდით.
ძალიან მხიარული ტყუილი დაბადების დღეები გამოგვდიოდა. ყველაზე მეტად ეს შეკრებები მენატრება. დანარჩენი არაფერი მომნატრებია, პირიქით, ჩემმა სახის კანმა ზედმეტი მაკიაჟისგან დაისვენა.
საერთოდ ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ დადებითს ვხედავ. ჩემს შვილებს თუკი რაიმე დანაკლისი ჰქონდათ ჩემთან ურთიერთობაში, ყველაფერი ავინაზღაურეთ. სწორედ ამ პერიოდს უნდა ვუმადლოდე, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინე ზუსტად იმ კუთხით, როგორითაც მინდოდა. როგორც იქნა, ჩემი სამსახიობო ნიჭი ფართო მასებამდე მივიტანე.