მას შემდეგ, რაც მე და „ქართული მარშის“ პოლიტსაბჭოს წევრები ჩავედით დავით გარეჯში, სადაც დავაფიქსირეთ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე 700 მეტრითაა საზღვარი გადმოწეული, ჩემზე განხორციელდა პროვოკაცია, რომელიც, მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, დაფინანსებულია „სოკარისგან“, ხოლო „სოკარს“, კარგად იცით, რომ მართავს აზერბაიჯანის უშიშროება, – ამის შესახებ “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გაზეთ “ალიასთან” ინტერვიუში განაცხადა. ბრეგაძის თქმით, მის “პროვოკაციაზე წამოგებას” , “ქართული მარშის” ყოფილი წევრი, ირაკლი დოლენჯაშვილი ცდილობდა.
“რაც შეეხება პროვოკაციას, მდგომარეობდა შემდეგში – ვიყავი სახლში, დედა, რომელიც არის 82 წლის, იყო შეუძლოდ, მომიწია გვიანობამდე მისი მოვლა, ჩემთან იმყოფებოდნენ ჩემი მეგობრებიც. გადაღლილს ჩამთვლიმა და ამ დროს დამირეკეს დაფარული ნომრიდან, მეგონა უცხოელი კოლეგები მირეკავდნენ და ვუპასუხე. საუბარი დაიწყო აგრესიული ტონით, ბიჭო, შენ სადა ხარ… ვკითხე, ვინ იყო და მითხრა, რომ არის ირაკლი დოლენჯაშვილი, გავიხსენე ვინც იყო და დავინტერესდი, რაში იყო საქმე. მე შენ სადარბაზოში ვარ, გამოდი, რისი გეშინია, ავდგები ახლა ოჯახს დაგიხოცავ, შენ ინვალიდ შვილს ეტლში ჩავცხრილავ და ეგეთი საშინელებები. ვუპასუხე, რომ ახლა არ გავიდოდი და სხვა დროს ვნახავდი. დამიწყო დედის გინება საოცრად ბინძური სიტყვებით…
დაახლოებით 2 წელიწადზე მეტია ამ ადამიანთან არანაირი საერთო, არანაირი შეხება არ მქონია. გავთიშე ტელეფონი, გადავიხედე ეზოში და დავინახე მანქანა და ორი სკუტერი, ერთი გაჩერებული იყო, მეორე მოძრაობდა. იცოდნენ ჩემი ხასიათი, იცოდნენ, რომ დედის გინებას უპასუხოდ არ დავტოვებდი და ელოდნენ, ჩავიდოდი და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დავიწყებდი, რის შემდეგაც მოხდებოდა ჩემი დაკავება, დაპატიმრება. მე არ წამოვეგე ამ პროვოკაციას. შემდგომში შემოვიდა რამდენიმე სმს შეტყობინება და გადმოგიგზავნით მაგასაც”.
სანდრო ბრეგაძის თქმით, შემდგომში დოლენჯაშვილმა და სხვა პირებმა, მისი პიროვნების დისკრედიტაციის მიზნით, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სხვადასხვა მედიასაშუალებებს გაუგზავნეს, ასევე გაავრცელეს სოციალური ქსელის მეშვეობით.
“12 აგვისტოს, დიდგორობის დღესასწაულის და ცხრა ძმა ხერხეულიძის საფლავზე გადახდილი პარაკლისის შემდეგ, როცა თბილისში ვბრუნდებოდი, ვნახე სოციალურ ქსელში, რომ იგივე ადამიანი და მისი მეგობრები პირდაპირ მიწვევდნენ და მშიშარას მეძახდნენ. დავურეკე მას და ვუთხარი, შემხვედროდა – საუბარი გადაიზარდა გინებაში, ორჯერ გადმორეკა ისევ, ჩემ მეგობრებს ესაუბრა და აუხსნეს კულტურულად, რომ ის იყო პროვოკატორი და აგენტი. მეორე დღეს, როდესაც მე ველოდებოდი იმას, რომ ამ აგენტ-პროვოკატორზე აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, მე დამიბარეს პოლიციაში ირაკლი დოლენჯაშვილის განცხადების საფუძველზე, თითქოსდა მას ჩემი ეშინია. არგუმენტი იმისა, რატომ ეშინია ჩემი, არ არსებობს, მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია და კილომეტრის სიახლოვეზეც არ მივსულვარ მასთან. რეალურად, ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რამდენიმე დღე მემუქრებოდა, საქმე არ აღძრეს და ჩემ წინააღმდეგ განახორციელეს საგამოძიებო ქმედებები.
შველის მაგიერ, მე ჩამომართვეს ჩემი კანონიერი იარაღი. ჩემი მეგობრისთვის არ ჩამოურთმევიათ იარაღი, მე ჩამომართმევს, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ არც დოლენჯაშვილი გაუჩხრეკიათ, ახლა რომც ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედება, რა თქმა უნდა, უკანონო იარაღი გადამალული იქნება. პირიქით, მე, ვისაც მაქვს იარაღის შენახვის და ტარების უფლება, როგორც პარლამენტის ყოფილ დეპუტატს – ჩამომართვეს კანონიერი იარაღი. ახლა ამ წუთში, ვიმყოფები სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის ქვეშ. დავით გარეჯის მითვისებაში სააკაშვილის მმართველობის დროს გადახდილია დიდი თანხა, იგივე სოკარის მიერ და დაიდო ფარული ხელშეკრულება… როცა ამხელა ფულია გადახდილი და ამ შეთანხმებას ახლა საფრთხე ემუქრება ჩვენი სახით, რა თქმა უნდა, გადადიან მოქმედებაზე”, – განაცხადა ბრეგაძემ.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ აქ.