„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, რეპერი ბერა ივანიშვილი Instagram-ზე ვიდეომიმართვას აქვეყნებს, რომელშიც მხარდაჭერას აღუთქვამს აშშ-ში ფერადკანიანი მოქალაქეების უფლებებისთვის ბრძოლას და მოძრაობას Black Lives Matter.
„მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მილის მოშორებით ვცხოვრობ, მინდა თქვენს გვერდით დავდგე და ვთქვა, რომ ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. გავიზარდე ისეთ ოჯახში, რომელსაც ყველა ადამიანის თანასწორობის სჯერა. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, ჩვენი შვილი ამავე პრინციპების მიხედვით გავზარდოთ, იმიტომ, რომ გვჯერა, რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს წვლილი ამ სამყაროს გაკეთილშობილებაში“, – ამბობს ბერა ივანიშვილი.
სლოგანით „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აშშ-სა და მსოფლიოს სხვა, არაერთ ქვეყანაში რასიზმს აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.
