საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ტესტირება ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” სათაო ოფისში თანამშრომლების მისვლა გარკვეულწილად შეიზღუდა, ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფები კი თვითიზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან.
“ამ ოფისის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი, შესაბამისად, პროტოკოლის დაცვით, ვინც იყო მასთან უშუალო შემხებლობაში, ისინი გადავიდნენ კარანტინში, თვითიზოლაციაში – როგორც მიუთითებენ ეპიდემიოლოგები, ამას ჩვენ არ განვსაზღვრავთ. დანარჩენები დადიან შეზღუდულ რეჟიმში, რადგან შტაბის მუშაობა არ უნდა გაჩერდეს, მაგრამ უშუალო შეხებაში ვინც არ იყო და ვისზეც არის რეკომენდაცია, რომ მას შეუძლია იაროს, ისინი დადიან. მაგრამ მათი რაოდენობა შევზღუდეთ დროებით. ყველა ჩვენგანი გატესტილები ვართ, უარყოფითი პასუხი გვაქვს, არ დაგვიდასტურდა ინფექცია.
რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის დაცვის წევრს, ასეთი არის ერთი, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. აქედან გამომდინარე, არჩილ თალაკვაძე რეკომენდაციების შესაბამისად გადავიდა თვითიზოლაციაში ოჯახის წევრებთან ერთად,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.