საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, მისმა ქმარმა ჟესტიკულაციით დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მას დანა დაარტყა.
„რადგან მთავარი დამნაშავე ამტკიცებდა, რომ თითქოს ის საერთოდ არ ყოფილა იქ და მიუხედავად იმისა, რომ მას ცოტნეს სისხლი აღმოაჩნდა ტანსაცმელზე, ამ ფაქტზეც კი ამბობს, რომ წარმოდგენა არ მაქვს საიდან არის ეს სისხლიო, ამიტომ მე ცოტნეს სურათი ვაჩვენე ამ პიროვნების, სახელი და გვარი ვუთხარი და ვკითხე, იხმარა თუ არა მან დანა ამ ჩხუბში ცოტნეს წინააღმდეგ.
მე და ცოტნეს გვაქვს არავერბალური კონტაქტი, რადგან ჯერჯერობით ვერ ლაპარაკობს, მაგრამ აქვს აბსოლუტურად ნათელი გონება, ჟესტიკულაციის დონეზე ვკონტაქტობთ და ხელის მოჭერით მაგრძნობინებს პასუხს. რაღაცას რომ ვეკითხები და თუ უნდა რომ თანხმობა გამოხატოს, ხელს მიჭერს. როდესაც ამ ადამიანზე ვკითხე, მან მკვეთრად მომიჭირა ხელი, ანუ დამეთანხმა“, – განაცხადა ჯაბაურმა
მისივე განცხადებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უკეთესია.
„აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს. მისი მდგომარეობა ყოველდღე უმჯობესდება. ჯერ ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს, მაგრამ უკეთესად ამოძრავებს კიდურებს და ჟესტიკულაციის ენით ადეკვატურ პასუხებს მაძლევს“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.
ცნობისთვის, 2019 წლის 17 დეკემბერს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. მან მკურნალობის კურსი 7 თვის განმავლობაშ თურქეთში გაიარა. ახლა კი გერმანიის კლინიკაში რებილიტაციას გადის.
