პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრთან ინფექციონისტებთან და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობასთან ერთად ბრიფინგი გამართა. მან განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემა მართავს კორონავირუსის გავრცელებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაძლიერდეს კონტროლი რეკომენდაციების აღსრულებაზე.
პრემიერის განცხადებით, 10 000-მდე გაიზრდება უახლოეს პერიოდში PCR-ტესტირებები, დღეს კი ეს ციფრი, საშუალოდ, 8 000-ია. 3 000 საწოლი ლოგინი იქნება უახლოეს პერიოდში სრულ მზადყოფნაში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და სწრაფი დაბრუნება ჩვეულ გარემოში.
პრემიერი ამბობს, რომ მოქალაქეების პასუხისმგებლობა უფრო მნიშვნელოვანი და დიდია, ვიდრე ჯარიმა.
პირბადის ტარების აუცილებლობა დახურულ სივრცეში, პირბადის ტარების რეკომენდაცია ღია სივრცეში. 200 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა ღია სივრცეში – გახარიას თქმით, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ.
ამის მიუხედავად, გახარიამ თქვა, რომ ეკონომიკის სწრაფად აღსადგენად და ვირუსის შესაზღუდად რიგი შეზღუდვები გახდება საჭირო.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, ისევე როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს 1 ოქტომბრამდე, ოღონდ მმსხვილ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში ნებისმიერი სასწავლო პროცესი დაიწყება 1 ოქტომბრიდან“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერმა თქვა, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა როგორც პირადი ჯანმრთელობის მონიტორინგი, ასევე ხანდაზმულებზე ყურადღების გამახვილება.
„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, პირველ რიგში მიმართულია იქითკენ, რომ აღვადგინოთ ეკონომიკა“, – განაცხადა პრემიერმა.
