ჩვენი ძალიან მაღალი მოლოდინი არის ის, რომ 1-ლ ოქტომბერს უნდა დავიწყოთ სწავლა სკოლებში. ამისთვის კი მოგვეცით იმის საშუალება, რომ დავიცვათ ყველა ის წესი, რომელსაც გვთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
ეკატერინე დგებუაძის თქმით, თუ ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია იქნება, რომ კვლავ არის მაღალი რისკი, განათლების სამინისტრო მოუწევს დაემორჩილოს.
„ვთხოვ თითოეულ მოქალაქეს, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არსებობს, დავიცვათ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები წავიდნენ სკოლებში. აბსოლუტურად ლოგიკურია, როდესაც მშობლები ამბობენ, რომ პირველკლასელებისთვის ეს არის ძალიან რთული და ამას ვადასტურებ, მე როგორც მშობელი და განათლების სისტემის წარმომადგენელი. ამიტომაც ჩვენი სურვილია, რომ დავბრუნდეთ სკოლებში“,- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
მისივე თქმით, განათლების სამინისტრო განსხვავებულ მოდელებს განიხილავს. „კერძოდ, ვფიქრობთ დავაბრუნოთ მხოლოდ პირვეკლასელები ან პირველი და მეორე კლასელები, მესამე ან საერთოდ, ყველა დავაბრუნოთ. ძალიან ბევრი ვარიანტი განიხილება იმისთვის, რომ ბავშვები სკოლებში დავაბრუნოთ“,– აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.