სავაჭრო საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, პიტერ ნავარომ განაცხადა, რომ თეთრი სახლი მუშაობას იმ ვარაუდით განაგრძობს, რომ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა იქნება.
„თეთრ სახლში მუშაობას განვაგრძობთ იმ ვარაუდით, რომ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა იქნება“, – აღნიშნა პიტერ ნავარომ.
სავაჭრო საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, გამოძიება უნდა ჩატარდეს არჩევნებში თაღლითობის სავარაუდო შემთხვევებთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტმა არჩევნებში გაიმარჯვა. არჩევნების დღეს ის ლიდერობდა. არჩევნების დღის შემდეგ კი გადამწყვეტ შტატებში მათ როგორღაც საკმარისი ხმები მიიღეს. ჩვენი ვარაუდით, ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა იქნება. ვფიქრობთ, რომ მან ამ არჩევნებში გაიმარჯვა და ნებისმიერი სპეკულაცია იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოს ჯო ბაიდენმა, ვფიქრობ, ამ ეტაპზე სადავო საკითხია“, – დასძინა დონალდ ტრამპის მრჩეველმა.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.
9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.