საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 036 755 -მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით საფრანგეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ, ევროპაში კი პირველი ქვეყანაა, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონზე მეტია.
ამასთან, საფრანგეთში დაღუპულთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა. ფატალური შემთხვევების რაოდენობით ის მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში.
საფრანგეთში 7 ნოემბერს ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი – 87 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ორშაბათს კი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მცირე დღიური ზრდა, 9 406 შემთხვევა, დაფიქსირდა.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსზე კონტროლის აღდგენას ახერხებს, თუმცა, „ლოქდაუნის“ შესამსუბუქებლად ჯერჯერობით მზად არ არის.
შეგახსენებთ, საფრანგეთში ე.წ. საყოველთაო „ლოქდაუნი“ 30 ოქტომბერს, 1 დეკემბრამდე დაწესდა.