ახალი ამბავი არ არის, რომ სააკაშვილი უტევს დასავლურ ღირებულებებს. ხან კომუნისტებს ეძახის, ხან შეურაცხყოფას აყენებს და ჩვენი დასავლური მისიების წარმომადგენლებს აბრალებს რაღაცებს, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის რუსეთის აგენტად მოხსენიებას.
„სააკაშვილის როლი არის ბულინგი იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც ვიმედოვნებ, კონსტრუქციულ დიალოგში და პარლამენტში შემოვლენ, რათა საპარლამენტო ტრიბუნიდან, როგორც მათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ, მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან და ოპონირებას გააგრძელებენ. ახალი ამბავი არ არის, რომ სააკაშვილი უტევს დასავლურ ღირებულებებს. ხან კომუნისტებს ეძახის, ხან შეურაცხყოფას აყენებს და ჩვენი დასავლური მისიების წარმომადგენლებს აბრალებს რაღაცებს. ეს არის გაგრძელება იმ რუსული საქმის, რასაც ის თავისი ხელისუფლების საქმიანობის პერიოდში ახორციელებდა. ასეთი ძალები დღეს ერთად და ერთ პოზიციაზე დგანან. დეკლარირებულად გამოკვეთილი რუსული ძალები საქართველოში. ეს პარტიები ფასადურად დგანან იმ ევროპული ღირებულებების მატარებელ პარტიებთან და ერთად აპროტესტებენ ვითომ გაყალბებულ არჩევნებს“, – განაცხადა მდინარაძემ.