ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე, ჩეჩენი ბოევიკების დახმარებით, საქართველოში დესტაბილიზაციას გეგმავს? – ამ სათაურით გაზეთი „ვერსია“ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს ლორთქიფანიძე ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას არჩევნების შემდგომ აპირებს.
“ვერსია“ წერს, რომ გია ლორთქიფანიძის დავალებით, მისი ყოფილი აგენტი, რუსლან ტიმაევი ევროპასა და აზიაში ე.წ. ჩეჩენი ბოევიკების მობილიზაციას ახდენს.
„საქართველოში მათ მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ქვეყანაში შემოსულმა ჩეჩენმა მებრძოლებმა მითითებები უკრაინიდან უნდა მიიღონ. დესტაბილიზაციის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები შეასრულონ და ამისთვის სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისგან უხვ ჯილდოს მიიღებენ“ -წერს გაზეთი “ვერსია“.
გამოცემა ტიმაევის საქმიანობის შესახებ ვრცელ მიმოხილვას აკეთებს.
როგორც “ვერსია“ წერს, ტიმაევს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გია ლორთქიფანიძის დავალებით არაერთი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი.
“რუსლან ტიმაევი რუსეთის ფედერციის მოქალაქეა და სააკაშვილის ხელისუფლების შს მინისტრის ყოფილ მოადგილესთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. მას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გია ლორთქიფანიძის დავალებით არაერთი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. თავის დროზე მას საქართველოში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა და ჩვენს ქვეყანაში ალი დაბუევის სახელით იცნობდნენ. ჩვენი გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტიმაევი, იგივე დაბუევი გია ლორთქიფანიძის აგენტი იმ პერიოდში გახდა, როდესაც ის ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი იყო. მოგვიანებით, როცა ლორთქიფანიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს,ჩეჩენ აგენტთნა კავშირი არ გაუწყვეტია. იმ პერიოდში, თბილისში მცხოვრებმა ჩეჩნებმაც კი იცოდნენ, რომ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების მფარველობით რუსლან ტიმაევი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით ყველგან გადაადგილდებოდა.
ცნობილია კიდევ ერთი გვარი, რომელსაც ტიმაევი ატარებდა. მასზე გაცემული იყო ოპერატიული პასპორტი, სადაც ის რუსლან პაპასკირის სახელით ფიქსირდებოდა. ტიმაევის სახელს უკავშირდება 2012 წელს, თურქეთში ჩადენილი დანაშაულებრივი ეპიზოდებიც. უფრო კონკრეტულად კი, ცნობილია, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ის რუსეთის ერთ-ერთ მოქალაქეს ინტენსიურად ხვდებოდა და მისგან პერიოდულად სპეციალურ დავალებებს იღებდა. ტიმაევს თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ჩეჩენი საველე მეთაურების ლიკვიდაციას უკვეთავდა. დავალებებს ტიმაევი ფარულად ფირზე იწერდა, ვიდეომასალის ჩამწერი მოწყობილობა კი, სავარაუდოდ, გია ლორთქიფანიძემ მისცა“, – წერს გაზეთი “ვერსია“.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული ფარული ჩანაწერი შემთხვევით თურქეთის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
სწორედ ეს გახდა 2012 წელს მისი დაკავების მიზეზი.
“ტიმაევი, იგივე ალი დაბუევი, იგივე რუსლან პაპასკირი სირიიდან სტამბოლის გავლით, ეგვიპტეში მიემგზავრებოდა, როდესაც ათათურქის აეროპორტში დააკავეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თურქეთის ციხეში მან სასჯელი სრულად მოიხადა. საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ტიმაევის უკრაინაში, ჯერ კიევში ჩაფრინდა, მოგვიანებით კი ოდესაში, გია ლორთქიფანიძესთან ჩავიდა. პაპასკირი, ოდესის პოლიციის უფროსის მფარველობით, როგორც ამბობენ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით იქაც თავისუფლად გადაადგილდება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ახლახანს პაპასკირი სწორედ ლორთქიფანიძის დავალებით, ევროპასა და აზიაში ჩეჩენი ეროვნების პირებს დაუკავშირდა და მათ საქართველოში ჩასვლა სთხოვა. დავალება ასეთია: ჩეჩნები ჩვენს ქვეყანაში უნდა დაბინავდნენ და არჩევნების შემდეგ, ოდესის პოლიციის ყოფილი უფროსისგან მითითებებს უნდა დაელოდონ.რაც შეეხება იმ ჩეჩნებს, რომელთა მობილიზაციაც პაპასკირს დაევალა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან და მათი აქ ჩამოსვლის მიზანი დესტაბილიზაციის შექმნაა. ჩვენივე წყაროს თქმით, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მათ არჩევნების შემდეგ არაერთი დაპირება მისცა, მათ შორის ბიზნესების ლობირება და პრივილეგიებით სარგებლობა“, -წერს გაზეთი “ვერსია“.
გია ლორთქიფანიძე, ჩეჩენი ბოევიკების დახმარებით, საქართველოში დესტაბილიზაციას გეგმავს?
2016/10/03 11:38:02
კომენტარები
ნანახია: 2314 ჯერ