ბიზნესმენ დავით ზილფიმიანის ვაჟი, ლევან ზილფიმიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მამას პარლამენტში შესვლას ულოცავს.
“გილოცავ, მამა
გისურვებ, ახლა უკვე პარლამენტიდან გააგრძელო ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთება!
დავით ზილფიმიანი – აკადემიკოსი, პროფესორი. იგი არის 108 საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის, 4 საერთაშორისო კოსმოსური პროექტისა და 1 საერთაშორისო პატენტის თანაავტორი.
დავით ზილფიმიანმა რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალისტის განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1976-1981 წლებში მიიღო. სწავლის პერიოდში ინჟინრად დაიწყო მუშაობა ფიზიკის ფაკულტეტის ნახევარგამტარების ლაბორატორიაში.
1979-2003 წლებში დავით ზილფიმიანი მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში ინჟინრის, ლაბორატორიის გამგის, განყოფილების უფროსისა და სეისმური სამსახურის უფროსის თანამდებობებზე მუშობდა.
1985 წელს მოსკოვის უმაღლეს საატესტაციო კომისიაში დაიცვა დისერტაცია თემაზე „ელექტრომაგნიტური პროცესები მიწისძვრების მომზადების პროცესში“.
1992-1993 წლებში დავით ზილფიმიანმა ტოკიოს უნივერსიტეტში მიიღო JISTEC AWARD. ამავე წლებში იგი მოგის ლაბორატორიაში მეცნიერ-მუშაკად მუშაობდა.
1994-2006 წლებში იგი იყო რომის უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკის დეპარტამენტში.
1998 -2003 წლებში, იყო ათენის უნივერსიტეტის პროფესორი.
2000-2003 წლებში, დავით ზილფიმიანი იკავებდა იტალიის კოსმოსური სააგენტოს პროექტ ESPERIA-ს მთავარი მეცნიერ-მუშაკისა და სისტემური ინჟინრის პოზიციას.
2003-2005 წლებში მან, აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძესთან ერთად, დააფუძნა საქართველოს კოსმოსური კვლევის ცენტრი და იკავებდა ამ ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2003-2004 წლებში დავით ზილფიმიანი იყო საერთაშორისო ორბიტალურ სადგურზე განხორციელებული პროექტის, LAZIO-SIRAD-ის თანაავტორი.
2004-2008 წლებში კი წარმოადგენდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტის EGLE-ს თანაავტორს.
დავით ზილფიმიანი 2011-2013 წლებში NASA-ს „გოდარდის“ ფრენის ცენტრში (მერილენდი, აშშ) პროფესორ პატრიკ ტეილორთან, ახალი დაბალი ორბიტის სატელიტის პროექტზე მუშაობდა.
2014 წლიდან არის საქართველოს კოსმოსური ცენტრის ხელმძღვანელი.
დავით ზილფიმიანი იყო პირველი კერძო მაუწყებლის „I რადიოს“ (1994 წელი) და ტელეკომპანია „I სტერეოს“ (1997 წელი) დამფუძნებელი.
2002 წელს, კი მან დააფუძნა სამაუწყებლო კომპანია „სტერეო პლუსი“. რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტელე და რადიო-მაუწყებლობის ორგანიზება და წარმოება, სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია. დაარსების დღიდან, კომპანია დახმარებას უწევს მრავალ ტელეკომპანიას, სიგნალის გავრცელებაში.
ამ კომპანიამ, 2015 წლიდან, მაღალმთიანი რეგიონები ციფრული სიგნალის უწყვეტი მიღებით უზრუნველყო და უფასო სატელევიზიო არხები ხელმისაწვდომი გახადა მოსახლეობისთვის – ყაზბეგში, რაჭაში, სვანეთსა და მაღალმთიან აჭარაში.
2017 წელს, დააფუძნა, დღეისთვის უკვე ცნობილი და წარმატებული, პირველი საეთერო PAY TV მაუწყებელი „დიჯიტალ ტვ“.”