როდესაც ოპოზიციამ პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს, ჩემი აზრით, მორალურად – გამართლებული, თუმცა რაციონალურობის კუთხით – საეჭვო იყო. ერთი კითხვა მაწუხებდა და ახლაც მაწუხებს – ეს ბოიკოტი მიზანი იყო, თუ საშუალება მიზნის მისაღწევად? – წერს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციას ამ დრომდე არ აქვს მკაფიო გეგმა.
„თუ მიზანი საარჩევნო, სასამართლო სისტემების რეფორმა და ამის შემდეგ, ახალი არჩევნების სამართლიანად ჩატარებაა, რა ხდება დღეს მათ მისაღწევად? სამწუხაროდ, აქამდე, ცხადი და ნათელი მოქმედების გეგმის კონტურებიც კი არ ჩანს. ამ გეგმის გარეშე, მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისში ცხოვრება, დიდხანს და დაუსრულებლად, სადაც დღის წესრიგს მეტ-ნაკლებად ხელისუფლება მაინც ქმნის (მაგალითად, დღეს მელიას იმუნიტეტის მოხსნის საკითხის წამოწევა) კარგს არაფერს მოუტანს არც ოპოზიციას და არც ხალხს“, – წერს გიორგი მშვენიერაძე.