სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებებისა და ზოგადად ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის სრულ პასუხისმგებლობას.
მათივე ინფორმაციით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებაში გავრცელებულ არაერთგვაროვან, ხშირ შემთხვევაში მცდარ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებებისა და ზოგადად ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. ამავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცალსახად აფიქსირებს, რომ მიესალმება მედიის ინტერესს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს, რომელიც მიმართულია უკანონო დაკავებებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის სრულ პასუხისმგებლობას.
„გახშირებული“ უკანონო დაკავებები მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფიქსირდება. 2008 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, საოკუპაციო ძალა აკავებს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს, აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა არც ერთი წელი მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე. მაგალითად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2009 წელს დააკავეს 80-მდე პირი, 2010 წელს უკანონოდ დააკავეს ასევე 80-მდე ადამიანი, 2011 წელს აღნიშნულმა მიაღწია 140-ს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკანონო დაკავებების სტატისტიკაში, 2012 წელს 110-მდე პირი იქნა უკანონოდ დაკავებული.
2019 და 2020 წლებში უკანონოდ დაკავებულთა რაოდენობამ 86-ი და 64-ი შეადგინა. ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებს ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმის დამყარების დღიდან და მისი გამომწვევი მიზეზი არის არა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული უცვლელი პოლიტიკა, არამედ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად დამდგარი ოკუპაცია. შესაბამისად, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. თავისთავად, მცდარია ე.წ. გახშირებული უკანონო დაკავებების დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოკუპაციის მიმართულებით წარმოებულ, როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან.
გვსურს ყურადღება გავამახვილოთ სახელმწიფოს მიერ უკანონო დაკავებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ვალდებულებასთან დაკავშირებით. ვრცელდება მცდარი მოსაზრება თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უკანონოდ დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ხდება მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. თითოეული პირის უკანონო დაკავების ფაქტი ფასდება ინდივიდუალურად რა დროსაც სახელმწიფო უფლებას იტოვებს განსაზღვროს ფაქტის გახმაურების შესაბამისი დრო, რადგან საკმაოდ ხშირად, გავრცელებული ინფორმაცია, შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს მისი გათავისუფლების პროცესისთვის. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ დაფიქსირებულა. რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულ პირთა სტატისტიკას აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნარატივი სახელმწიფოს მიერ უკანონო დაკავებების დამალვის შესახებ თვისობრივად მცდარია და შეცდომაში შეჰყავს, როგორც მედია, ისე საზოგადოება.
პირთა გათავისუფლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საჭიროებას ვხედავთ გამოვეხმაუროთ უკანონოდ დაკავებული პირის დახსნის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა და მისი საჯაროობის შესახებ გავრცელებულ არაერთგვაროვან ინფორმაციას. უკანონო დაკავებებს სახელმწიფო უპირისპირდება მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით. ცენტრალური ხელისუფლების ხელთაა, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ინსტრუმენტები. ფორმალური ინსტრუმენტებია: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. უკანონო დაკავების მომენტიდან სახელმწიფო ააქტიურებს ფორმალურ ინსტრუმენტებს და აღნიშნულის შესახებ უმრავლეს შემთხვევაში ინფორმაციას უზიარებს საზოგადოებას. თუმცა, ბოლო პერიოდში ცალკეული პირების მიერ მიზანმიმართულად ხდება ფორმალური ინსტრუმენტების მიმართ ნიჰილიზმისა და უიმედობის განცდის დანერგვა. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ცხელი ხაზის, IPRM-ის, ჟენევის დისკუსიებისა და სხვა ფორმალური ინსტრუმენტების მიმართ, ნეგატიური და ნიჰილისტური განწყობების წახალისება წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ინტერესს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში იდება უდიდესი ძალისხმევა IPRM-ისა და ცხელი ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ცხელი ხაზის გააქტიურებას წარმოაჩენს რუტინულ, არაფრის მომცემ პროცედურად, ჯდება საოკუპაციო რეჟიმის ნარატივში და როგორც მინიმუმ, მიუთითებს პირის ან პირთა ჯგუფის საკითხში გაუთვითცნობიერებულობაზე. რაც შეეხება გათავისუფლების პროცესის შესახებ სახელმწიფოს მიერ დეტალური ინფორმაციის გაზიარებას. მოგეხსენებათ, რომ ოკუპაცია წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევას. განხორციელებული სამუშაო შეიცავს სპეციფიურ, ზოგ შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციას, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გასაჯაროება არ წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და აღნიშნული ხდება დოზირებულად, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ნარატივი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო არ მუშაობს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მიმართულებით, რადგან ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ არის, მცდარია.
საზოგადოების პროტესტი ლეგიტიმურია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იზიარებს აღნიშნულ პროტესტს. თუმცა, პროტესტის დროს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები. ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხალხმრავალი საპროტესტო შეკრების გამართვამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო. მეტიც, აღნიშნულ პროცესში, შესაძლოა, პირდაპირი საფრთხე დაემუქროს ადგილზე წარმოდგენილ სამოქალაქო პირებსა და პოლიციას. უკანონო დაკავების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი საპროტესტო აქცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის და საოკუპაციო ხაზზე წარმოდგენილი საპოლიციო დანაყოფების ფუნქციონირებას, სრულად ჯდება საოკუპაციო რეჟიმის მიზნებსა და ამოცანებში.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების საკითხების, განსაკუთრებით კი უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიზირება კრიტიკულად აზიანებს პროცესებს და მიუთითებს აღნიშნულის განმახორციელებელთა არაპროფესიონალიზმზე. კონკრეტული უკანონო დაკავების განხილვისას დისკუსიაში პოლიტიკური ნარატივის შემოტანა ქმნის ბუნდოვანებას და შეუძლებელს ხდის საკითხის თანმიმდევრულ განხილვას. უკანონო დაკავებების პოლიტიზირება და აღნიშნულის შედეგად პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნა საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთხელ უცხადებს თანადგომას უკანონოდ დაკავებულთა ოჯახებს და ცალსახად აფიქსირებს, რომ წარსულში უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირი გათავისუფლდა. გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობაში ამჟამად მყოფი პირებიც.
განცხადების დასასრულს, მინდა გაგიზიაროთ საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების მიმართულებით არსებული პოზიტიური ცვლილების შესახებ. თითქმის ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ ცალკეული რეგულაციების გამოყენებით, აღდგა გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებას. აღნიშნული ფაქტი, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, შესაძლებლობას მისცემს კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოინახულონ საკუთარი ოჯახის წევრები და ნათესავები და ისარგებლონ ცალკეული სიკეთეებით რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.