მისი დაბრუნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის. რატომ არის ეს მისთვის კარგი, ამაზე მე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ერთ ადამიანს, კითხვის ნიშანი მაქვს. ეს კითხვა ვერ დავუსვი, რადგან არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. რატომ არის ეს მისთვის კარგი, მე არ მესმის, – ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში შეაფასა.
კულტურის მინისტრი ამბობს, რომ გიორგი გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის შემთხვევაში, ხელისუფლებას ნამდვილ ოპოზიციონერობას გაუწევს.
„იმედია მან იცის რას აკეთებს. მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება – გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე, რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და მან კარგად იცის სად არის ჩემი სიძლიერე და სად არის ჩემი სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის, ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.