ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ, მძიმე მდგომარეობაში არიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს ყოფილა პასუხისმგებლიანი და არც მისი ე.წ. ლიდერები არ არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები.
„დიდი ილუზიები არავის გვაქვს, ჩვენ გვესმის ძალიან კარგად, რომ „ნაცმოძრაობა“ არც არასდროს ყოფილა პასუხისმგებლიანი ძალა და არც მათი ე.წ. ლიდერები არ არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ, პარტიამ და ლიდერებმა დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგულნი ჩვენი ამომრჩევლებისა და ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც იყო შარლ მიშელის მედიატორობით შედგენილი, ამით, რა თქმა უნდა, დემონსტრირება გავაკეთეთ ჩვენი კეთილი ნების და მზაობის. ჩვენ ვნახეთ, რომ ახლა ეს ადამიანები, რეალურად რაც ხდება, რაც გარედან ჩანს და შიგნიდანაც ვიცით ინფორმაციები როგორც ხდება, ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, ძალიან უნდათ მათ შესვლა პარლამენტში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რცხვენიათ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მე მესმის მისიც პირადად, რადგან ადამიანი, რომელმაც იკადრა უკადრებელი, სახელმწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე თავის ჭკუით, თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ. დავიჭირეთ კიდევაც და გირაოც ძალიან კარგად გადაიხადეს, მიიღო კიდევაც გირაო. ახლა ამბობს, ბაქიბუქობდა ტყუილად, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ ვიცით, ძალიან კარგად ვიცით, შიგნიდან ვიცით, რომ მას ძალიან უნდა შესვლა პარლამენტში. თუ არ უნდა შესვლა, მაშინ არ შევიდეს და დაამტკიცოს, როგორი პრინციპული ადამიანი არის ის და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებიც. სხვა მეტი კომენტარი რა შემიძლია გავაკეთო ან უპასუხისმგებლო მოვლენების განვითარებაზე, ზოგადად მათ განცხადებებზე და ქმედებებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.