ბატონო გენერალი, ბატონო გიორგი, დღეს თქვენ უსაყვარლეს, მონატრებულ ქართულ მიწას მიებარებით. ამით სრულდება ჩვენი ქვეყნის 100-წლიანი ეპოპეა და მთელი ეპოქა. ეპოქა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობით დაიწყო და რუსული მე-11 არმიის თავდასხმითა და ოკუპაციით შეწყდა, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გენერლის საქართველოში გადმოსვენება ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა.
„ბატონო გენერალო, ბატონო გიორგი, თქვენი საქართველოში გადმოსვენება ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა, რამეთუ ამ ჯარის ღირსების, შეუპოვრობის და მამაცობის განსახიერება ბრძანდებით. საქართველოს დაუმარცხებელო მთავარსარდალო, დაუმარცხებელი ხართ, რადგან სასწავლებელში, რომელიც თქვენ სახელს ამაყად ატარებს, ახალგაზრდა კადეტები თქვენ მაგალითზე იზრდებიან და აღიზრდებიან თქვენი შემართებითა და გულანთებული მამულიშვილობით, ეს არის მტერზე ნამდვილი გამარჯვება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან დღევანდელი მოვლენის ქართული ემიგრაციისთვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„სიმბოლურია, რომ ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შვილს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ მთავარსარდალს ხვდება ემიგრაციის შვილი, საქართველოს დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი. 100 წლის თავზე ქართულ თავისუფალ მიწაზე ჩვენი ასეთი შეხვედრა ნიშნავს, რომ გამართლდა თქვენი, მამაჩემისა და ყოველივე სხვა ქართველი ემიგრანტის რწმენა – საქართველო უკვდავია და დამოუკიდებლობის აღდგენა გარდაუვალია. ის რწმენა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ შენელებულა და დღეს გამართლებულია“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.