ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვიდა, მათ ყველაფერი ვაპატიე, ისინი კდემამოსილი ადამიანები არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
დეპუტატის ვარაუდით, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მაინც მოაწერს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლაზე იმდენი ვინერვიულეთ, რომ რადგან შემოდიან, ყველაფერს ვპატიობთ. რა გავწუწავ, პირიქით, ძალიან მოხარული ვართ, მათ მიმართ დიდი მოლოდინით ვართ და გვსურს, კორექტული ურთიერთობა გვქონდეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრჯერ თქვა, რომ რაღაც ასე მოხდებაო, მაგრამ ისე არ მოხდა. შესაბამისად, ვფიქრობ, პარლამენტში შემოსვლის შემდეგ გააცნობიერებენ, რომ დოკუმენტზე ხელი უნდა მოაწერონ. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზნით 43 პროცენტი, რისთვისაც იბრძვიან, შარლ მიშელის დოკუმენტის მონაპოვარია. როცა პარლამენტში შემოვლენ, თავიანთ ამომრჩეველს ხომ უნდა აუხსნან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი არ უნდა მიიღოს? ამომრჩეველი იკითხავს: „საიდან ეს 43 პროცენტი“? „ნაციონალური მოძრაობა“ უპასუხებს: „შარლ მიშელის დოკუმენტიდან“. ამ დროს, როცა ამ დოკუმენტზე ხელი არ ექნებათ მოწერილი, ლოგიკური არ არის და ამას პარტია არ დაუშვებს. ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვიდა, მათ ყველაფერი ვაპატიე, ისინი კდემამოსილი ადამიანები არიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.