ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს. კვლავაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და ევროპული ღირებულებების არაღიარებას, – განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე არ მოუწერია ხელი შარლ მიშელის დოკუმენტზე.
„ნაციონალური მოძრაობა“ მძევალია საკუთარი დაპირებებისა, იმ დაპირებების, რომლებიც არაერთხელ დაუფიქსირა ამომრჩეველსა და საზოგადოებას და ვნახეთ, ყველა ასეთი დაპირება როგორ გადათქვა და საპირისპიროდ იმოქმედა. ვხედავთ, რომ ძალიან გიმძიმთ ამ მდგომარეობაში ყოფნა, ისიც იცით, რომ მოგიწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, რომ საბოლოოდ არ მოხდეს თქვენი გარიყვა დასავლეთის მხრიდან, როგორც რადიკალური, მარგინალიზებული ძალის. ხელის მოწერა კი დაგაკარგვინებთ ფასს თქვენს ამომრჩევლებში. ამ დილემას შორის გინდათ სხვისი ხელით გააკეთოთ საქმე, ამნისტია მიგვაღებინოთ და შემდეგ თქვენს ამომრჩეველს თვალში ნაცარი შეაყაროთ, თითქოს თქვენ პრინციპულები იყავით ბოლომდე და მას შემდეგ მოაწერეთ ხელი, რაც ამნისტიის კანონი მიიღეს დანარჩენმა პარტიებმა. მინდა გითხრათ, არ გამოგივათ მეგობრებო, მოგიწევთ ხელის მოწერა და ვერც საზოგადოებას მოატყუებთ. ნუ გაქვთ ასეთი დაბალი წარმოდგენა, ნურც ჩვენს საზოგადოებაზე და მათ შორის ნურც თქვენს ამომრჩეველზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.