თეა წულუკიანმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიხსენა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, რომელიც 7 წლის წინ ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყო აღნიშნავს, რომ ეს ბედნიერი დღე იყო საქართველოს ისტორიაში.
„დღევანდელი გადასახედიდან ძალიან კარგად მახსენდება ის რთული წლები, რომელიც ქვეყანამ გაიარა იმისთვის, რომ 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებისთვის. მქონდა ბედნიერება და პატივი მას ვხლებოდი დელეგაციაში. ემოციური, ნამდვილად ბედნიერი დღე იყო საქართველოს ისტორიაში.
ასევე მახსოვს ის დიდი ძალისხმევა, რომელიც თითოეულმა საჯარო მოხელემ და ჩვენი ხელისუფლების პირობებში, თითოეულმა ხელმძღვანელმა გასწია, დაწყებული საგარეო საქმეთა სამინისტროთი, გაგრძელებული, რა საკვირველია, იუსტიციის სამინისტროთი, რომელმაც ათეულობით კანონში შეიტანა ცვლილება, რათა ეს შესაძლებელი გამხდარიყო. ხელმოწერის შემდეგაც, ბოლო წლების განმავლობაში გააგრძელა საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან. ყველას მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო. ვუსურვო კიდევ უფრო მეტი სიბეჯითე, გამბედაობა და შრომის უნარი, რადგან შრომის შედეგად ყველანაირი წარმატება არის შესაძლებელი“, – განაცხადა მინისტრმა.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წელი გავიდა.