მართლაც ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველები, – ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქვეყანაში თავისი პირველი ვიზიტიც გაიხსენა.
„არასდროს დამავიწყდება საქართველოში პირველად ჩასვლა. კონტრასტული ვიზიტი იყო. ჩემს ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგად ორგანიზებულია, შედარებით სიმშვიდეა და ამ დროს ჩავდივარ უცხო ქალაქში გვიან ღამით, მხვდება ავტომობილი „ლადა-ნივა“, რომელშიც 4 უცნობი ადამიანია, მაგრამ პაუზის გარეშე ვსაუბრობთ. უეცრად აჩერებენ ბენზინგასამართ სადგურთან, ვყიდულობთ სახლში გაკეთებულ ალკოჰოლურ სასმელს, ვიწყებთ დალევას, ვაგრძელებთ გზას და მე ვამბობ, სასწაული ქვეყანა ყოფილა საქართველო. მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ მომიწია თბილისში ყოფნა. მე ვიყავი ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, მაგრამ მე ასევე ვგრძნობდი, რომ ვიყავი საქართველოს სპეცწარმომადგენელი ნატოში და ეს 10 უბედნიერესი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში“, – განაცხადა მან.
აპატურაისთან გენმდივნის სპეცწარმომადგენლის რანგში „იმედის კვირამ“ ბოლო ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.