ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით, ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი გახარიას კომენტარს ეხმიანება. მისი შეფასებით, სიის პირველი ნომერი იყო გახარია და მას არჩევნების შედეგების დასაცავად არაფერი გაუკეთებია. ბოჟაძე მიიჩნევს, რომ უხერხულია, როდესაც გახარია მოკლე მეხსიერებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
,,როგორც ვერ დაიცვა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უსუსურობით ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ, თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას გიორგი გახარიამ. მაინტერესებს, ამ ფორმით და ამ ტონალობაში რომ საუბრობს გახარია, თავად არ იყო ამ პარტიის წევრი? თავად არ იყო ამ პარტიის სიის პირველი ნომერი? ან ამ პარლამენტმა არ დაამტკიცა ხელმეორედ პრემიერ-მინისტრად?! იქნებ განმარტოს, თავად რა გააკეთა ან არჩევნების და ან თამარ ჟვანიას დასაცავად?! ძალიან უხერხულია, ასე მოკლე მეხსიერებითა და ტყუილებით ეცადო, შეცდომაში შეიყვანო საზოგადოება’’, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარემ, გიორგი გახარიამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა: „როგორც ვერ დაიცვა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უსუსურობით ლეგიტიმური არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას“.
თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
