საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, ავღანეთში 17-წლიანი წარმატებული სამსახური დაასრულეს. ქართული კონტინგენტის მიერ ავღანეთის საერთაშორისო მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე აღინიშნა.
ღონისძიების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მიმართეს.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, განსაკუთრებული მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის სამხედრო მოსამსახურეები მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ დაჯილდოვდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კი, სამხედროები საშტატო იარაღითა და მედლებით – „გენერალი კვინიტაძე“ და „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდნენ.
საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საერთაშორისო ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში. საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. ქართული გაძლიერებული ოცეულის ამოცანას ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ქართველი მშვიდობისმყოფელების რაოდენობა და ფუნქცია-მოვალეობები ეტაპობრივად იცვლებოდა. ქართული ქვედანაყოფების ამოცანას ბაზების დაცვის, პატრულირების, ჩხრეკა-კორდონის ოპერაციების განხორციელება და ავღანური არმიის საარტილერიო ქვედანაყოფების მომზადებისა და სამხედრო ჰოსპიტალის დახმარების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები წლების განმავლობაში მისიას ოცეულის, ასეულისა თუ ბატალიონის დონეზე, ამერიკული, ფრანგული და გერმანული სარდლობების დაქვემდებარებაში, ასევე, ქაბულში მდებარე რეგიონული სარდლობის ცენტრში, თურქული კონტინგენტის შტაბ-ბინაში როტაციის პრინციპით ასრულებდნენ. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო.
ავღანეთის მისიის დასრულების შესახებ ნატომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში მიიღო. ქართულმა ქვედანაყოფებმა ავღანეთი ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან კოორდინაციით, ეტაპობრივად დატოვეს და საქართველოში სრული შემადგენლობით ივნისის ბოლოს დაბრუნდნენ.
2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მძიმე დანაკლისიც განიცადა. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული კი დაიჭრა და დაშავდა.