პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს 5-6 ივლისის მოვლენებისა და ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, პარტია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. ყველა უდროოდ გარდაცვლილი დიდი ტკივილია საქართველოსთვის, ოჯახისთვის, სამეგობროსთვის.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მით უფრო, როცა ძალადობრივი ქმედებები მიმართულია ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. რაც შეეხება ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს, მიგვაჩნია აუცილებელ პირობად, რომ ჩატარდეს ობიექტური და სრულფასოვანი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველა ჰკითხავს. კერძოდ, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი, რა მოვლენებსა და ფაქტებს ჰქონდა ადგილი მის გარდაცვალებამდე“ – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, პარტიაში თვლიან, რომ სასწრაფო წესით უნდა იყოს წარმოდგენილი წინასწარი სამედიცინო-სასამართლოექსპერტიზის პირველადი დასკვნა ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
„პარტიისთვის, მიუღებელია ხელისუფლების ყოველგვარი ძალადობრივი ცვლილებები, როგორც ეს მოხდა 2003 წელს, როგორი მცდელობაც იყო ე.წ. გავრილოვის ღამეს. რის გაგრძელებად მიგვაჩნია დღეს უკვე, საქართველოს პარლამენტის დარბაზში განვითარებული მოვლენები. ასეთი ქმედებები არის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას და საზოგადოებრივ სიმშვიდეს. არ შეიძლება იყო პოლიტიკაში და ამ რეალობას ვერ ხედავდე“ – აღნიშნულია განცხადებაში.
„ევროპელი სოციალისტების“ წევრები მიმართავენ ხელისუფლებას და მისგან კატეგორიულად მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ დაიცვას სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური უსაფრთხოება და გამოიყენოს ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი არსებული დესტრუქციული ქმედებების აღმოსაფხვრელად.
„სახელმწიფოს და ხალხის დაცვა ხელისუფლებას მინიჭებული აქვს საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან. ის უპრინციპობა, კანონთან და სახელმწიფო ინტერესებთან შეუსაბამო ლოიალური ქმედებები, რომელსაც ხელისუფლება იჩენს გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, იწვევს იმ სვალალოშედეგებს, რომელიც დღეს გვაქვს სახეზე. ხელისუფლებას, თავის დროზე შეეძლო თავიდან აეცილებინა დღეს შექმნილი მძიმე ვითარება და მას, რომ ემოქმედა ქვეყნისა და ერის ინტერესებიდან გამომდინარე და არ გაეთვალისწინებინა ის შეშფოთებები და რეკომენდაციები და ემოქმედა გაცილებით მკაცრად, დღეს ქვეყანაში არსებულ მოვლენებს ადგილი არ ექნებოდა“ – ნათქვამია განცხადებაში.
„ევროპელი სოციალისტების“ წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლება მომავალში გაითვალისწინებს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და იმოქმედებს საკმაოდ მკაცრად კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად.