პრაიდის კვირეული ჯერ კიდევ ივნისის შუა რიცხვებში დაანონსდა. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ორგანიზატორებთან. ყველა ღონისძიების გამართვის საკითხებს განვიხილავდით. საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით და საერთო ჩართულობით პირველი და სამი ივლისის ღონისძიებამ მშვიდად ჩაირა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ წინასწარ გვქონდა საუბარი, რომ 5 ივლისი იქნებოდა რთული დღე. მოსალოდნელი იყო გარკვეული ექსცესები, ორგანიზატორებთან განვიხილავდით სხვადასხვა ვერსიას, რადგან ღონისძიების იმ მასშტაბით ჩატარება, როგორც დაგეგმილი იყო, იქნებოდა რისკების შემცველი. ერთია კონკრეტულ ლოკაციაზე მანიფესტაციის ჩატარება და მეორეა მსვლელობა. გასათვალისწინებელი იყო წარსული გამოცდილება და ის განწყობები, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ვეუბნებოდით ორგანიზატორებს, რომ გადაეხედათ ფორმატისთვის იმისათვის, რომ პოლიციას მისცემოდა შესაძლებლობა დაეცვა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. 5 ივლისის ღონისძიება ბევრი სირთულით გამოირჩეოდა. პირველი ის, რომ ჩვენ არ ვიცოდით, კონკრეტულად როდის, სად და რა რაოდენობის ადამიანები დაიწყებდნენ ღირსების მარშს. მათი მხრიდან გაცხადებული იყო, რომ აუცილებლად მარში უნდა ჩატარებულიყო ცენტრალურ გამზირზე და უნდა ყოფილიყო მსვლელობის ფორმატის. ველოდებოდით ინფორმაციას თუ სად დაიწყებოდა მარში იმისათვის, რომ პოლიციას მობილიზებული ძალები გადაეყვანა. კონტდემონსტრანტებმა ღამის საათებში დაიწყეს შეკრება სხვადასხვა ლოკაციაზე. დილით, როდესაც არანაირი აქტივობა არ იყო დაგეგმილი ეს ჯგუფი მოულოდნელად გახდა აგრესიული“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.