ცესკო სამი პირის მიერ მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე მოტყუებით შესვლასა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საუბრობს.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ საღამოს, დაახლოებით 19:20 საათზე, მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე სამი პირი მივიდა, რომლებმაც დაცვის პოლიციას თავი წარუდგინეს, როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
ცესკო-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები უბანზე შევიდნენ, როდესაც უბანი უკვე დაკეტილი იყო.
„მათ დაიწყეს საარჩევნო მასალების დათვალიერება, გადაღება, სხვადასხვა უჯრების გახსნა, სადაც ინახებოდა საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის, ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გადაიღეს ამომრჩეველთა სამაგიდო სიები, რომლებიც შეიცავენ ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებს. მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. მათ ჰქონდათ დამკვირვებლისა და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო ბეიჯები. დაცვის პოლიციამ მათ დაატოვებინა უბანი. ადგილზე მასალების გადასამოწმებლად მივიდნენ საოლქო-საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ასევე მისული იყო უბნის თავმჯდომარე. შეტყობინება შევისა 112-ზე და გამოძახებული იყო პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო მასალა და დაკუმენტაცია უბანზე არის სრულყოფილი და დაუზიანებელი, აღნიშნული, კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს საარჩევნო უბანზე მოტყუებით შესვლას და უფლებამოსილების გადამეტებას“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.