თინა ხიდაშელის განცხადება „რესპუბლიკური პარტიიდან“ წასვლის შესახებ პარტიაში ჯერ არ მიუღიათ, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის პარტიის დატოვების შესახებ სამი განცხადებაა შესული, მათ შორის დავით უსუფაშვილის და ფრიდონ საყვარელიძის.
„სხვა არც ერთ პარტიის წევრს არ მოუმართავს. პაატა ზაქარეიშვილი დიდი ხანია წასულია, წავიდა არასამთავრობო სექტორში, პოლიტიკაში არ რჩება, თუმცა ეს ადრე მოხდა, უსუფაშვილამდე. ჩვენ არასოდეს არ ველოდებით არავისგან ასეთ ნაბიჯს, მაგრამ ადამიანებს სრული უფლება აქვთ, გადადგან რა ნაბიჯებიც გაუხარდებათ. მოლოდინი, რომ პარტიას დატოვებდა, მე არც უსუფაშვილისგან მქონდა, არც მათ შორის ზაქარეიშვილისგან”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიაში“ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და შესაძლებელია, რომ პარტიის სხვა წევრებიც გაჰყვნენ.
„დავით უსუფაშვილმა გახსნა პანდორას ყუთი და თუ ვინმეს რამე სურვილი ჰქონდა, რაღაც მოტივით თავი დაეღწია „რეპუბლიკური“ ტყვეობისთვის, თუკი ეს ტყვეობაა ვინმესთვის, ყველა თავისუფალია და ის წავა”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.