პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას აპირებს:
„როგორც ჩანს, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგი ძალიან მძიმე აღმოჩნდა ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის, ბევრისთვის შეიძლება მოულოდნელიც. აქედან გამომდინარე, ხდება ბუნებრივი პროცესი – პოლიტიკური განლაგების შეცვლა პოლიტიკურ პარტიებში. განსაკუთრებით დასავლურ ფლანგზე არსებულ პოლიტიკურ პარტიებში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ, უნდა დაღვინდეს სიტუაცია. მე გულწრფელი ინტერესი მაქვს იმის, რომ დასავლური ვექტორის მქონე პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის მექანიზმი შევქმნათ. პარტიაში „სახელმწიფო ხალხისთვის“ რეორგანიზაციაა, ამის შემდეგ გვექნება დასკვნა, თუ რა ფორმატით ვაგრძელებთ. არჩევნების დამთავრება გულისხმობს, რომ ბლოკები მთავრდება. ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ფართო გაერთიანებაა საჭირო პროდასავლურ ფლანგზე“, – განაცხადა ვაშაძემ.