დღეს ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების მეორე ტურის დასრულებას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, უკეთესი მომავლისკენ, განვითარებისა და კეთილდღეობისკენ.
გიორგი კვირიკაშვილმა დამკვირვებლების მიერ არჩევნების თაობაზე გაკეთებულ შეფასებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველას შეფასებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული.
“მინდა მოგილოცოთ საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება. დღეს ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ. ეს არის ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს გამარჯვება. ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, უკეთესი მომავლისკენ, განვითარებისა და კეთილდღეობისკენ. ყველას შეფასებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. დიდი მადლობა იმ მაღალი ნდობისთვის, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოუცხადეთ. ეს პირადად ჩემთვის და „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენი გუნდის ყველა წევრისთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მე მჯერა, რომ ჩვენ ღირსეულად გავართმევთ თავს ამ მოვალეობებს და ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით თქვენ ხმა მიეცით თავისუფლებას, სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ არჩევანის პოზიტიური შედეგები აუცილებლად აისახება ყოველი თქვენგანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათ პირნათლად მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი.
„მადლობას გიხდით ყველას ასეთი ერთსულოვნებისთვის. ჩვენმა ხალხმა გამოავლინა მაღალი სამოქალაქო კულტურა, პირნათლად მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს იმის მიუხედავად, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა. მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ეს არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
“დღეს ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ”
2016/10/31 15:35:50
კომენტარები
ნანახია: 1347 ჯერ