ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, – ასე გამოეხმაურა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას.
„ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და პრემიერ-მინისტრმა უნდა თქვას ამის შესახებ. ძალიან ბევრი კონსულტაცია მიმდინარეობს. მე ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბარში.
მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ დღეს მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც 2030.news-ისთვის გახდა ცნობილი, თანამდებობა შესაძლოა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დატოვოს, აღნიშნული პოსტი კი პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაიბაროს. თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურა სახელდება.