„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის გამარჯვებულმა კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ „რეპორტიორთან” საუბარში არჩევნების შედეგები შეაფასა და მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს, ვინც არჩევნებზე მივიდა და საკუთარი აზრი დააფიქსირა.
„წინასაარჩევნო კამპანია მცხეთაში ცოტა უცნაურად ტარდებოდა. ჩემი ოპონენტი ცეზარ ჩოჩელი ცდილობდა, ამოფარებოდა მმართველ პარტიას, მაგრამ პირველი ტურის შემდეგ მან ეს უკვე ვეღარ შეძლო, რადგან საზოგადოებამ გაიგო, თუ ვინ ვინ იყო. ამის დასტური იყო ის, რომ პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა აიღო 1500 ხმა და თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამ” – 5 300. ბიულეტენების უდიდესი ნაწილი თანხვედრაში იყო, ანუ დაფიქსირებული მხარდაჭერა ცეზარ ჩოჩელისა და „ნაციონალური მოძრაობის”. საზოგადოებისთვის ეს უკვე იყო უტყუარი დასტური იმისა, რომ ის იყო „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი. მაგრამ მეორე ბერკეტი ჩვენ ვერ მოვხსენით, ეს იყო ფულადი რესურსის გამოყენება. თუმცა, ვთვლი, რომ ჩვენ ღირსების ტესტი ჩავაბარეთ საზოგადოებასთან ერთად.
რაც შეეხება ზოგადად შედეგებს, ის, რომ ჩვენ მოვიპოვეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, თვლიან, საფრთხის შემცველია. ვფიქრობ, პარტია, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, საფრთხის შემცველია მაშინ, როდესაც ის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. ვფიქრობ, ეს მახასიათებელი არ არის „ქართული ოცნებისა” და ეს არათუ საფრთხის შემცველია, არამედ იქნება გარანტი სტაბილურობისა და სწრაფი განვითარების. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და მხარი დაგვიჭირა. აქვე, მინდა დავძინო, რომ მცხეთაში იყო ყველაზე დიდი აქტიურობა”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.