ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, კიდევ „კაი ხანს“ ვიტყლაშუნებდით ტალახში, – ამის შესახებ დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა.
”მივდივართ იქამდე, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩრდილოვანი გავლენები აქვს – რა თქმა უნდა, მას მორალური, პოლიტიკური და ფინანსური რესურსი აქვს, რომელსაც ბუნებრივია, გავლენა ექნება, მაგრამ… ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ეს პარტია, ეს მოძრაობა და მიგვიყვანა ჩვენ ყველანი. რა თქმა უნდა, ყველანი, ერთი ორის გარდა, წინააღმდეგობრივი მოძრაობიდან – 2003-2004 წლიდან მოვდივართ: გვირტყამდნენ, გვცემდნენ, მაგრამ გადავიტანეთ ეს ყველაფერი და ეს კაცი რომ არ მოსულიყო, კიდევ კაი ხანს ვიტყლაშუნებდით ტალახში. მოვიდა, გადაგვარჩინა და ბუნებრივია, გავლენა ექნება. მოსესავით არის ეს კაცი, 40 წელი ატარა ლაბირინთებში და ეს გვპირდება 2030-ში გასვლას ფონს”, – განაცხადა ომარ ნიშნიაშნიძემ და როგორც აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს 10 წელიც ეყოფა იმისთვის, რომ დაასტაბილუროს ქვეყანა და სწორ გზაზე დააყენოს.
რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“ და მისგან დავით უსუფაშვილისა თუ სხვა ლიდერების წასვლას, ნიშნიანიძე ფიქრობს, რომ მომავალი არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი ძალა ახალი პროდასავლური ძალა იქნება, რომელიც შესაძლოა სწორედ უსუფაშვილის მიერ დაანონსებული პარტია იყოს.
”რაც შეეხება უსუფაშვილს და “რესპუბლიკელებს”. მე სულ ვიმეორებდი, რომ ჩემთვის მიუღებელია, რომ მეორე პოლიტიკური ძალა არის ”ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ დღეს ეს რეალობა გვაქვს ჯერ კიდევ. მეც ასე ვფიქრობ, ყველა პარტიას ჰქონდა რესურსი, ყველგან იყო ისეთი ადამიანი, რომელიც არ მომწონდა, მაგრამ ყველა პარტიაში იყო ადამიანი, რომელიც მომწონდა და ვფიქრობდი, როგორ უნდა გამოგვეყენებინა ქვეყნის აღმშენებლობაში. იგივე დავით უსუფაშვილი, ”თავისუფალი დემოკრატებიდან” ჩემი მეგობრები და ა.შ,” – აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ 2020 წლისთვის მეორე პოლიტიკური ძალა იქნება სრულიად ახალი, პოლიტიკური ცენტრი, მოძრაობა, რომელიც გააერთიანებს ძალიან კარგ, საღ, პროდასავლურ ძალას, რომელიც უკვე კონკურენტი იქნება ”ქართული ოცნების”.