საქართველოს გადაქცევა საპარლამენტო რესპუბლიკად იქნება პრაქტიკულად ქვეყნის დაქცევა, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ჩემი ღრმა რწმენით, და ეს ღრმა რწმენაც დაფუძნებულია რეალობაზე, რომელიც გვაქვს საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში უნდა შენარჩუნდეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი. დღეს ძალიან ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სრულყოფილად უნდა გადაიქცეს საპარლამენტო რესპუბლიკად. ეს იქნება ქვეყნის პრაქტიკულად დაქცევა და სახელმწიფოებრიობის გაუქმება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო მოდელი ვერ იმუშავებს ისეთ ქვეყანაში, სადაც არის არაფორმალური მმართველობა.
„ვიცი, შემომედავებიან ადამიანები, რომლებიც საპარლამენტო მოდელის მომხრეები არიან და იტყვიან, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს მოდელი წარმატებით მუშაობს. დიახ, ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს მოდელი მუშაობს, მაგამ ამ ევროპულ მოდელებში არ არსებობს არაფორმალური მმართველობა. არ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც არის პოლიტიკაში, რომელსაც საკუთარი ბიუჯეტი ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი აქვს, რომელიც მართავს მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს, მედიის ძალიან დიდ ნაწილს და რომელსაც უნდა ახლა საპრეზიდენტო ინსტიტუტიც ჯიბეში ჩაიდოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.