საქართველოსა და სომხეთს შორის “მეგობრობის ხიდის” მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება, – ახალი ხიდის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დაათვალიერეს.
ხიდი საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, მდინარე დებედზე, საქართველო-სომხეთის საზღვრის, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალოს 4-ზოლიან პარამეტრებში, 2 წელიწადზე ნაკლებ დროში აშენდება.
მათივე განმარტებით, რუსთავიდან სადახლოს მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები, საქართველოს მიერ უკვე დაწყებულია.
“მეგობრობის ხიდის” მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი გიორგი კვირიკაშვილმა 2014 წლის 24 დეკემბერს, ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში, ერევანში ვიზიტისას, სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ, გაგიკ ბეგლარიანთან ერთად მოაწერა ხელი.
დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრეზიდენტმა, საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაათვალიერეს, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ახლად გახსნილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რუსთავი-სადახლოს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან ერთად, უზრუნველყოფს სომხეთიდან და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ დაკავშირებას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნებთან და ხელს შეუწყობს რეგიონული სატრანსპორტო ქსელის მდგრად და კონკურენტუნარიან განვითარებას.