საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას. ნატო-სა და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება, – განაცხადა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობბაუერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ.
მან ნატო-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლო იყო. ამ კუთხით მან ავღანეთის მისიაში, საქართველოს, როგორც ნატო-ს არაპარტნიორ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდ კონტრიბუტორზე გაამახვილა ყურადღება.
ადმირალმა ხაზგასმით აღნიშნა სამშვიდობო მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი. ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს ნატო-ს კოსოვოს მისიაში, ასევე ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების საქმიანობაში ჩართულობაზეც ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის“ განხორციელების საკითხებს.
მისივე განმარტებით, ამ კონტექსტით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება, არა მხოლოდ საზღვაო სივრცეში, არამედ საჰაერო, სახმელეთო და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
ასევე, დადებითად შეაფასა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის საქმიანობა, როგორც მრავალეროვნული სწავლებების შესაძლებლობების განვითარების საშუალება. ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.