საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს კიბერთავდაცვის სრულყოფის ცენტრის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ იაკ ტარიენს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული კიბერსაფრთხეები მიმოიხილეს და საქართველოს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისა და ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ სტუმარს ბოლო წლებში კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმატებულ საქმიანობაზე, თავდაცვის უწყებაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით და ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
იაკ ტარიენი საქართველოში სსიპ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გამართულ „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2021“-ში მონაწილეობის მიზნით იმყოფება.
ორდღიანი ფორუმის განმავლობაში ნატოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერსაფრთხეებსა და კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე მსჯელობდნენ.