მიხეილ სააკაშვილი გაკოტრებული პოლიტიკოსია, რომელმაც ქართველი ხალხი ცხრა წელი ატყუა და წელიწადნახევარიც ვერ გაძლო უკრაინაში დაკავებულ თანამდებობაზე, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
“მოგეხსენებათ, სისხლის სამართლებრივი დევნის უფლება აქვს მხოლოდ პროკურატურას. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებს არა გვაქვს უფლება, სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოებისას პროკურატურას რაიმე მითითება მივცეთ. ამ უფლებით სარგებლობს მხოლოდ ზემდგომი პროკურორი ქვემდგომ პროკურორთან მიმართებაში. პროკურატურა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოა და მათი გადასაწყვეტია დევნას აწარმოებენ თუ არა. აქ პოლიტიკოსებს არაფერი გვესაქმება. ჩვენ გვაქვს მხოლოდ შეფასების გაკეთების უფლება სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოებისას მხარეების მიერ დაკავებული პოზიციის თაობაზე. პოლიტიკური თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილის სახით გაკოტრებულ პოლიტიკოსთან გვაქვს საქმე, რომელმაც ქართველი ხალხი ცხრა წელი ატყუა. ის ქართველმა ხალხმა ძალიან მალე გაშიფრა და ამიტომაც, თუ გავიხსენებთ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს, მესამე წლის თავზე მოუწია დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა, ხოლო უკრაინაში დაკავებულ თანამდებობაზე წელიწადნახევარიც ვერ გაძლო”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ქუცნაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო.
სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.