საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადვოკატის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განახლებული და აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გახსნა.
პროექტი “იურიდიულ პროფესიაში შესვლის, ახალი სტანდარტების დანერგვის რეფორმის მატერიალურ ტექნიკური მხარდაჭერა”, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა, მიზნად ისახავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ განვითარებასა და ადვოკატის სავალდებულო სტაჟირების სისტემის დანერგვის ხელშეწყობას.
„ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რაიმე ტიპის ზეწოლა იქნება ადვოკატებზე, თავიანთი საქმიანობის განხორციელების პროცესში, მე განსაკუთრებით მხარს გიჭერთ, თქვენს გვერდით ვდგავარ და მზად ვარ გავაკეთო შესაბამისი პოლიტიკური განცხადებები, რადგან ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ. ჩემი ფუნდამენტური პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვაშია, რეალურად, ყოველდღიურობაში კი, ამას ახორციელებთ თქვენ და თქვენზე ნებისმიერ ზეწოლას, მე განვიხილავ იმ ღირებულებებზე ზეწოლად, რომელთა დაცვასაც მეც და თქვენც გვავალებს კონსტიტუცია“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.