„იმედის კვირა“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს რეპრესირებულების შვილებს შეხვდა. ლედი აფრასიძემ 2004 წელს სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია გაიხსენა და განაცხადა, რომ ოჯახი მიხეილ სააკაშვილისა და გია ბარამიძისთვის ბრალის წაყენებას დღემდე ელოდება.
„სრულიად შემთხვევით გადავურჩით ამ სასტიკ სპეცოპერაციას მცირეწლოვანი ბავშვები. როცა დაგვინახეს, რომ ცოცხლები ვიყავით, მახსოვს მათი გაკვირვებული ხმა – თქვენ კიდევ ცოცხლები ხართო? ალბათ იმის მოლოდინი ჰქონდათ, რომ ყველანი უნდა დავხოცილიყავით და მათი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ცოცხალი არავინ გადარჩენილიყო.
გადავრჩით ფიზიკურად, მაგრამ გაგვანადგურეს სულიერად და მორალურად, მაშინ როცა თვალწინ ჩაგვიხოცეს ოჯახის წევრები. ჩვენი თვალით ვუყურებდით, როგორ დაიწვა ცეცხლწაკიდებულ სახლში ბაბუაჩემი და როგორ ჩაცხრილეს ხელბორკილდადებული ბიძაჩემი. ჩვენი ოჯახი დღემდე მოთმინებით ელოდება თუ როდის წაუყენებენ ბრალს სააკაშვილს და ბარამიძეს – იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ამ სპეცოპერაციის ხელმძღვანელები“, – განაცხადა აფრასიძემ.
გადამღები ჯგუფი ასევე ირინა ბათიაშვილს, ლაშა კრიალაშვილსა და ნინო საქუაშვილს გაესაუბრა. დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.